BRITFEST 2009 - კულტურის ხიდი: საქართველო-ბრიტანეთი

Article published on July 12, 2009
community published
Article published on July 12, 2009
ნათია გულიაშვილი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულმა დარბაზმა წელს მეოთხედ უმასპინძლა ბრიტანული ფილმების ფესტივალს – BRITFEST.
britfest.bmp ფესტივალი საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს, საქართველო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და რუსთაველის თეატრის მხარდაწერით იმართება. იდეის ავტორი და ორგანიზატორი კი არაკომერციული, მოყვარულთა ჯგუფისგან შემდგარი ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმაა, რომელმაც BRITFEST-ს 2006 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად არ ღალატობს ტრადიციას: გააცნოს საზოგადოებას წლის საუკეთესო 5 ბრიტანული ფილმი.

ორგანიზაციის მიზანი კი, ქართულ ბრიტანული კულტურების დაახლოება და ქართველ და ბრიტანელ ხელოვანთა ურთიერთობის ხელშეწყობაა. ფესტივალს საპატიოს პატრონაჟს რუსტაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი რობერტ სტურუა უწევს.

“ფილმებმა, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ, უკვე შეძლო მსოფლიო ფესტივალების შემოვლა და პრემიების მიღება კანში, ბერლინში, ვენეციაში და ა.შ. ჩვენ ამ შეფასებების მიხედვით ვაკეთებთ არჩევანს ” - გვითხრა ორგანიზატორმა სოფო ვეკუამ .

l_2ac1871aff2141b3b44a6f334a14f2a0.jpg ეს ფილმები მხოლოდ DVD ფორმატით ჩამოდის. მათ შორის ისეთებიცააა, რომელითა ჩვენების უფლება ამიერკავკასიაში მხოლოდ საქართველოს აქვს, რაც ორგანიზატორის თქმით, რობერტ სტურუას დამსახურებაა. მას პროდიუსერები პირადად უგზავნიან საფესტივალო ფილმებს.

ამის გამო, მკაცრად განსაზღვრულია ფესტივალის ფორმატიც, BRITFEST-ი არაკომერციულია და შეზღუდულია მასზე დასწრებაც, ანუ მოსაწვევები ძირითადად კინემატოგრაფიაში მოღვაწე ადამიანებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტეზე გაიცემა. რაც ფესტივალის ალბათ ერთადერთი უარყოფითი მხარეა.

ბრიტფესტზე წარმოდგენილი ფილმების წლევანდელ პროგრამას, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დრამატურგია ჰქონდა. პირველი დღეები საკმაოდ მძიმე ფილმებით დაიწყო და ოპტიმისტურად დასრულდა.

l_77cf23d123ff4baa9743d557336cd48d.jpg

ფესტივალი გახსნა შეინ მედოუსის ფილმმა “ეს ინგლისია” , რომლემაც BAFTA Awards 2007 -ზე საუკეთესო ბრიტანული ფილმის წოდება მოიპოვა. ამას მოჰყვა სტივ მაქკუინის “შიმშილი” და სოლ დიბის "ჰერცოგი ქალი". მეოთხე დღეს ჯონ ქროულის "BOY A" იყო ნაჩვენები, ფილმს 2008 წლის BAFTA Awards -ის მთავარი პრემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესიტვალის სპეციალური პრიზი და ბრიტანული ფესტივალის “ოქროს ჰიჩკოკი” აქვს მოპოვებული.

ფესტივალი 5 ივნისს მაიკ ლის უკანასკნელმა შედევრმა დახურა, ფილმის სახელწოდებაა "იარე არხეინად." რეჟისორის ფილმების ერთერთი მთავარი თემა ყოველთვის არის მწვავე სოციალური ფონი და ამ ფონზე განვითარებული ადამიანების დრამა. "იარე არხეინად" ერთი შეხედვით მსუბუქი კომედიაა, თითქოს უდარდელი მთავარი გმირით. რომელიც არასოდეს კარგავს იმედს და ნებისმიერი მოვლენიდან რაღაც პოზიტიურს იღებს. kadri_filmidan_happy-go-lucky.jpg

"მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ხედვა სამყაროსი, ჩვენთვის - ქვეყნისთვის, რომელიც ორ უკიდურესობაშია: მოვლენებს ხედავს ან ძალიან პირქუშ, ან პირიქით, გადაჭარბებულ და ილოზიურულ ფერებში", - ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, - "უცნაურია, თითქოს ქართველებს სილაღე ჭარბადაც კი გვაქვს, მაგრამ ამ დროს, როცა ვხედავ, თუ როგორც წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, ჩანს - ძალიან გვაკლია ეს. სილაღე არ გამორიცხავს კრიტიკულ ხედვას, რაც აშკარად წარმოაჩინა ამ ფილმში რეჟისორმა".

ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმა სამომავლოდ ფესტივალის გაფართოებას გეგმავს, ბრიტფესტი სექტემბრის თვეში ჯერ BRITFEST-SEASIDE-ის სახელით ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოვა, დეკემბრის თვეში, უკვე პროფესიული ფორმატით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს შეუერთდება, ბოლოს კი, წლევანდელი პროგრამით აზერბაიჯანში, ერევნის საერთაშორისო ფესტივალს ესტუმრება.